,,ვეფხისტყაოსანს"
ხელში აგიღებ.. გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი ..
ჩაგცქერი ;
წიგნი კი არა - ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.
წიგნი კი არა - დილა ხარ,
ქართველი წალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.
უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყვავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ გავრჩი წაურთმეველი!
გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.
შენ ხმალის ღარზე ეწერე,
ანდერძი ოქროსხმოვანი:
,, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!"
წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავსოქროგადანაყარი.
შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ,
გული არ დაგიძველდება.
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!
აახმაურე სამშობლო,
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურ-მარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.
გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა, -
შენ დედაჩემის მზითვეო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!