ესპანეთის "სამეფო თასის” პირველმა ნახევარფინალურმა შეხვედრამ, რომელშიც
მადრიდში "რეალმა” კატალონიურ "ბარსელონას” უმასპინძლა, გამარჯვებული ვერ
გამოავლინა.
ცნობილია, რომ "ელ კლასიკო”, რა ტურნირში და რა დონეზეც არ უნდა გაიმართოს
ის, რაღაც განსაკუთრებულია მსოფლიოს ფეხბურთში და გამონაკლისი არც ეს
დაპირისპირება აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელებმა
მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენეს, ოღონდ, ეს არ ეხება
მეკარის პოზიციებს. "ბარსელონას” კარში ადგილი პინტომ დაიკავა, მოურინიომ
კი, საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკვირვა, კასილასს ვინ ჩივის,
რომელიც, გასაგებ მიზეზთა გამო, განაცხადშიც ვერ მოხვდა, ადანიც კი
სათადარიგოთა სკამზე დატოვა და დიეგო ლოპესი ათამაშა. უნდა ითქვას,
"სევილიას” ყოფილი მეკარის გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი
გადაწყვეტილება ლოგიკურიც ჩანდა. ბევრი უკვე იმაზეც საუბრობს, რომ ლოპესი
სწორედ "ბარსელონასთან” გასამართი დუელისთვის შეიძინეს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი გოლი გავიდა, თამაშმა მოლოდინი სრულად
გაამართლა. მოედანზე იყო ორი უმაღლესი კლასის გუნდი უდიდესი
შემსრულებლებით, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს გამარჯვების მოსაპოვებლად,
მაგრამ ყველაფერი მაინც განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება და
გულშემატკივარს კიდევ ერთი უდიდესი ბრძოლის ხილვა მოუწევს. უნდა ითქვას
ისიც, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნები არ შეივსო, რაც იშვიათი
მოვლენაა, მით უმეტეს "ბარსელონასთან” შეხვედრაში.
პირველ ტაიმში გუნდები ინიციატივის მოსაპოვებლად იბრძოდნენ და შეტევაში
შედარებით ფრთხილად მოქმედებდნენ. ამის ფონზე გასაკვირი არცაა, მაყურებელმა
გოლი რომ ვერ იხილა, თუმცა, იმდენი საინტერესო მომენტი შეიქმნა, რომ ორ
თამაშს ეყოფოდა. აქეთ ჩავი და ინიესტამ ვერ ისარგებლეს მცველის შეცდომით და
სხვა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, მერე კარგად შესრულებული
ჯარიმა ხარიხამ აისხლიტა, აქეთ ბენზემას ორიგინალურად დარტყმულმა ვერ უწია
მიზანს და ვერც რონალდუ მიწვდა შორეულ ძელთან დაკიდებულ ბურთს.
სამაგიეროდ,
ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიდა - მესიმ ფაბრეგასი დასარტყმელ
პოზიციაზე გაიყვანა და მანაც დიეგო ლოპესს პირველი მადრიდული გოლი გაუტანა.
გაშვებულმა გოლმა მადრიდელები არია და მათ გონს მოსასვლელად გარკვეული დრო
დასჭირდათ. ამ პერიოდში "ბარსელონას” თავისუფლად შეეძლო უპირატესობის
გაორმაგება, მაგრამ ხან მეკარე თამაშობდა მოწოდების სიმაღლეზე, ხან
დამრტყმელები სცოდავდნენ და ხანაც მსაჯი აფიქსირებდა თამაშგარე
მდგომარეობას.
საგოლე მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ რონალდუმ შორეულ ძელთან
ბურთს თავი ხეირიანად ვერ დაუხვედრა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 10
წუთი რჩებოდა და ყველა ფიქრობდა, რომ "რეალი” განმეორებით მატჩს მდევრის
როლში შეხვდებოდა, მასპინძელთა გოლი გავიდა. იოზილმა მარჯვენა ფლანგიდან
საჯარიმოში ჩაკიდა, იქ ვარანმა საჰაერო დუელი მცველს მოუგო და თავურით
ანგარიში გაათანაბრა, რითაც მასპინძლებს საბოლოო წარმატების იმედი
დაუბრუნა. განმეორებითი მატჩი "ნოუ კამპზე” 27 თებერვალს გაიმართება.
ესპანეთის თასის ნახევარფინალი. პირველი მატჩი.
30 იანვარი. მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ”. 79000 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა (1:1) (0:0)
რეალი: დიეგო ლოპესი, ესიენი, ვარანი, კარვალიო,
არბელოა, ალონსო, ხედირა, კალიეხონი (მოდრიჩი 58), იოზილი, რონალდუ,
ბენზემა (იგუაინი 63).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ბარსელონა: პინტო, დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (ალკანტარა 85), პედრო (სანჩესი 76), მესი, ინიესტა.
მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა
გოლები: 0:1 ფაბრეგასი. 1:1 ვარანი (81)
გაფრთხილებები: კარვალიო (16), კალეხონი (42), ალონსო (90) - პიკე (1), დანი ალვეში (72), პუიოლი (81)
|